ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ 1968 წ. #11. გვ. 79-80.
ავტორი სტატიისა: ლადო გეგეჭკორი
დავით ჩადუნელი
რამდენიმე წლის წინ, ოთხმოცდაერთი წლის ასაკში გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ლოტბარი, უანგარო მოღვაწე დავით ჩადუნელი. იგი დაიბადა 1884 წელს 5 ივლისს სოფელ გეთსამანიაში (ზემო იმერეთი). რვა წლის ასაკში დავითი სოფელ კიცხის სამრევლო სკოლაში მიაბარეს. კარგად სწავლობდა, სიმღერებსაც კარგად ითვისებდა: „ყანა“, „კურდღელი ჩამოცანცალდა“, „ყარანაი ყანაშია“, „გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას“, „მერცხალი“ და სხვა სიმღერა აქ ისწავლა. ისეთი მახვილი სმენა ჰქონდა, რომ ერთხელ მოსმენით იმახსოვრებდა და იმეორებდა სიმღერის მელოდიას.
ქუთაისში სასულიერო სასწავლებელსა და სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს ჭაბუკს ყურადღება მიაქცია ხალხური სიმღერის დიდმა მცოდნემ და შესანიშნავმა ოსტატმა, მწერალმა რაჟდენ ხუნდაძემ. ეს კეთილშობილი ადამიანი გატაცებით ასწავლიდა ბავშვებს უძველეს ქართულ საეკლესიო საგალობლებს, ხალხურ სიმღერებს.
ქუთაისში სწავლის დროს დავით ჩადუნელს გალობას ასწავლიდნენ კორნელი მაღრაძე და ანდრია ბენაშვილი. პირველი ახალგაზრდებს ასწავლიდა მუსიკალურ ანბანს, სოლფეჯიოს, მართავდა ქართული ხალხური სიმღერების კონცერტებსაც, რომლებსაც დიდძალი ხალხი ესწრებოდა. მრავალი ხალხური სიმღერა აქვს კორნელი მაღრაძეს დამუშავებული. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ცალკე კვლევის საგანია.
ა. ბენაშვილს ეკუთვნის ქართული ხალხური სიმღერების პირველი ნაბეჭდი კრებული. იგი სიმღერა-გალობას ასწავლიდა ქუთაისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში, ხოლო ერთ პერიოდში საკათედრო ტაძრის გუნდის დირიჟორიც იყო. დ. ჩადუნელი რუსულ საეკლესიო გუნდშიც მღეროდა. ამ გუნდს დირიჟორობდნენ თვით სემინარიის მოწაფეები – ავქსენტი მეგრელიძე და კოტე ფოცხვერაშვილი (შემდგომში ცნობილი კომპოზიტორი). ცხრაასიან წლებში სემინარიის ეკლესიაში ქართული გუნდიც ჩამოყალიბდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კორნელი მაღრაძის მეორე ღირსეული მოწაფე, შემდგომში განთქმული პროფესორი იოსებ ყიფშიძე (დაამთავრა პეტერბურგის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი), პეტრე მელიქიშვილის და ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით ქარტული უნივერსიტეტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორთაგანი. მცირე ხანს თბილისის უნივერსიტეტში (1919 წ. გარდაიცვალა) ქართული ენის პროფესორი იყო.
დ. ჩადუნელი, სასულიერო სემინარიის მოწაფე, 1902 წლიდან მღეროდა კოტე ფოცხვერაშვილის მიერ ქუთაისში დაარსებულ ოთხხმიან გუნდში; მას კარგად ახსოვდა ის წარმატებები, რაც მაშინ და მომდევნო წელს ქუთაისში მოიპოვა კოტე ფოცხვერაშილის მიერ გამართულმა საჯარო კონცერტებმა. ახსოვდა მარო ძნელაძისა და გალაკტიონ თუთბერიძის შესანიშნავი სოლოები და დუეტები, პლატონ ციცქიშილის მიერ მომხიბლავი ტენორით შესრულებული წყება. იგონებდა აგრეთვე რემა შელეგიას, რომელიც შემდეგში ხალხური სიმღერის ცნობილი ოსტატი და ლოტბარი გახდა.
ცნობილია, რომ ქუთაისში მოსწავლეთა რევოლუციური გამოსვლების გამო სასულიერო სემინარია დახურეს. დ. ჩადუნელი დარჩა სკოლის გარეშე, ვინაიდან ისიც მონაწილეობდა ამ ამბებში. არქიელის გორაზე გიორგი ხმალაძის სახლში ცხოვრობდა იგი, როცა მას ალიოშა (პროკოფი) ჯაფარიძის დამალვა დაავალეს.
პოლიციისაგან დევნილი ილია ჯაფარიძე დ. ჩადუნელმა თავისთან შეიფარა, დაპატიმრებას გადაარჩინა და შემდეგ სტუდენტის ფორმაში გამოწყობილი საუეთესო ეტლით (რომელიც ცნობილ მეეტლეს მელიას ეკუთვნოდა) თბილისში გაისტუმრა. გამგზავრების ორგანიზაციაში მხურვალე მონაწილეობა მიუღია ვარო ხოჯევანიშვილს, ალიოშას მომავალ მეუღლეს.
დ. ჩდუნელმა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა. კვირაობით მუშებსა და ნოქრებს საუბრებს უტარებდა პოლიტიკური ეკონომიიდან, ასწავლიდა ქართულ ხალხურ რევოლუციურ სიიმღერებს; ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი და კონცერტებს მართავდა კინო-დარბაზში, ქალაქის თეატრში.
„მეგობრებო, წინ, წინ გასწით“, „გამოთხოვება“, „სწრაფია, ვით ტოროლა“, „ადამიანად ვშობილვართ“, „ნათელას სიმღერა“, „რა კარგი რამ ხარ ჩემო სამშობლო“, „ჩარირამა“, „მახსოვს პირველად“, „ჭრელო პეპელა“, „ყანა“, „ბიჭებო, ვთოხნოთ სიმინდი“ და სხვა – ეს სიმღერები შეადგენდა ამ გუნდის რეპერტუარს.
მსენელთა მოწონებით სარგებლობდა თხუთმეტი მომღერლისაგან შედგენილი გუნდი, რომელსაც 1905 წელს, ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტ მალაქია სირაძესთან ერთად, დ. ჩადუნელიც ხელმძღვანელობდა. გუნდში მონაწილეობდნენ ალიოშა ვასილევი, ნატაშა ვაჩეიშვილი, პეპელა ბერეჟიანი და სხვა. კონცერტებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად რევოლუციური კომიტეტის განკარგულებაში გადადიოდა.
პეტერბურგში სწავლის გასაგრძელებლად წასული დავით ჩადუნელი 1908 წელს ესწრება ეკონომისტ პეტრე მასლოვის ლექციას სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატთა ფრაქციის ღია სხდომაზე. აქ სხვებთან ერთად მასაც აპატიმრებენ და სამი თვის პატიმრობის შემდეგ საქართველოში ისტუმრებენ.
თბილისში დ.ჩადუნელი მუშათა გაზეთების – „გზა“, „ჩვენი გზა“, „ახალი გზა“ და სხვათა სარედაქციო კოლეგიის წევრია. მას აპატიმრებენ, მაგრამ ბრალდებას ვერ უმტკიცებენ და ოთხი თვის პატიმრობის შემდეგ, 1911 წლის მაისში ათავისუფლებენ. მალე ქუთაისს უბრუნდება; მცირე ხნით ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სტატისტიკოსად და ჟურნალ „ბიულეტენის“ რედაქტორად მუშაობს, შემდეგ მოსკოვში სწავლობს კომერციულ ინსტიტუტში. ისევ დევნიან და 1917-21 წლებში მიწათმოქმედების სამინისტროს საადგილმამულო განყოფილების გამგეა, ხოლო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ „სამტერსტის“ #1 ღვინის ქარხანაში მუშაობს. აქ იგი ქარხნის მუშა-მოსამსახურეთაგან (25 კაცის შემადგენლობით) მომღერალ-მოცეკვავეთა ანსამბლს ქმნის. 1936 წელს ამ ანსამბლებმა (ქორეოგრაფი გარი ბარხუდაროვი) მონაწილეობა მიიღო საკავშირო ოლიმპიადაში, ლენინგრადში და პირველი ხარისხსი დიპლომი მიიღო.
„სამტრესტის“ მუშა-მოსამსახურეთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი თანდათან გაძლიერდა. მას თითქმის ყველა ღვინის ქარხნის მომღერალ-მოცეკვავენი შემოუერთდნენ. მათი რიცხვი უკვე 50-ს აღემატებოდა. ვოკალურ დარგში ანსამბლს ხელმძღვანელობდა დ. ჩადუნელი, ინსტრუმენტალურ დარგში – ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ავქსენტი მეგრელიძე, ქორეოგრაფად მუშაობდნენ ჯანო ბაგრატიონი და ხიდირბეგაშვილი.
დ. ჩადუნელმა წარმატებით დაასრულა ხალხური შემოქმედების ცენტრალურ სახლთან არსებული დირიჟორთა გადასამზადებელი კურსები. ანსამბლი უკვე იმდენად პოპულარული შეიქმნა, რომ 1941 წელს მიწვევა მიიღო მოსკოვში კონცერტების ჩასატარებლად. მაგრამ ამას ხელი შეუშალა ომის დაწყებამ. 1946 წელს აღგენილი იქნა „სამტრესტის“ თვითმოქმედი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი.
დ. ჩადუნელმა ანსამბლი მომღერალ-მოცეკვავეთა ანსამბლების საუკეთესო ძალებით დააკომპლექტა. მანვე ითავა სამხატვრო საბჭოს შედგენა, ანსამბლის უზრუნველყოფა საკრავებით, ჩაცმულობით, სამუშაო ბინით (ანსამბლის ხელმძღვანელი ს.გველესიანი, ქორეოგრაფი გ.სალუქვაძე).
სამტრესტის ანსამბლმა პირველი ადგილი დაიკავა სარაიონო, საქალაქო და რესპუბლიკურ დათვალიერებაზე, ხოლო მოსკოში მთელი თვის განმავლობაში ატარებდა კონცერტებს სხვადასხვა თეატრებსა და კლუბებში. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ქართულმა ცეკვებმა. დ. ჩადუნელი 70 წლის ასაკშიც კი მღეროდა, მუდამ ჩაბმული იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში. შვიდი წლის განმავლობაში 1947-1953 წ.წ. საქ.რადიო კომიტეტის ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლის სოლოსტი იყო (ხელმძღვანელი – ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ავქსენტი მეგრელიძე).
დ. ჩადუნელმა მდიდარი მასალა დააგროვა ქართული მუსიკალური ლექსიკონისათვის, ასზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა ჰქონდა ჩაწერილი.
საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა დავით ჩადუნელმა 25.01.2017.