მონასტერი

გაზეთი „კვალი“ 1893 წელი, #38. გვ. 6-7.

შენიშვნა:   

აღნიშნული საგაზეთო წერილის ავტორი ფსევდონიმით „ქრისტეფორე-ზემოიმერელი“ გახლავთ ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ქრისტეფორე III(1927-1932)

ტბეთის ეკლესია

(შორაპნის მაზრაში)

მდინარის ძირულის პირზედ, სურამის მთის მაღლობათ მდებარეობს ხუნევის სასოფლო საზოგადოება, რომელიც შედგება ექვსი სოფლისაგან. ამ საზოგადოებაში არის ერთი, ცოტათ თუ ბევრათ, შესანიშნავი ეკლესია, როგორც არხეოლოგიის მხრივ, ისე ლეგენდის მხრივაც.

ამ ეკლესიას ჰქვია სახელათ ტბეთის წმიდის გიორგის ეკლესია და აგებულია ყრუ მთაში. არ ვიცი, ეს სახელი იმ სახელოვანის ტბეთის ეკლესიის პატივისცემით დაურქმევიათ, რომელიც არსებობს შავშეთსა, თუ ერუშეთში, თუ ახლო მდებარის ერთი პატარა ტბისა გამო, რომელიც ჭაობი უფროა, ვინემ ტბა.

ხალხის ზეპირგადმოცემა მოგვითრობს, რომ ტბეთის ეკლესია ააშენა თამარ-დედოფალმაო. აი, როგორ აუშენებია თამარს ეს ეკლესია. თამარს, ხალხის თქმით, ჩვეულება ჰქონდა მოგზაურობა თავის სამეფოს დასათვალიერებლათ. სადაც კი გაჩერდებოდა ერთი დღე მაინც, უეჭველათ ეკლესია უნდა აეგო: ხუროთმოძღვრები თან დაჰყავდა; ჯარი, რომელიც თან დაჰყავდა, მმუშადაც იყო დახელს უწყობდა ამშენებელთ ქვის, კირის და სხვა მასალის ზიდვით, თან ახლდა აგრეთვე ეპისკოპოზები, რომელნიც ეკლესიის დამთავრებისთანავე აკურთხებდენ; ასე რომ ეკლესია ერთ დრეს შენდებოდა. მეორე დღეს ამ ეკლესიაში თამარი წირვას მოისმენდა დაგაუდგებოდა გზას. ერთხელ თამარს გამოუვლია ჩვენსკენ და მოუნდომებია ეკლესიის აშენება ერთ მაღალ სერზედ მთაში. მოუტანინებია ქვა და სხვა საჭირო მასალა; დაუწყიათ შენება, მაგრამ ცოტას რომ ააშენებდენ, კედლები ინგრეოდენ, კიდევ დაიწყებდენ შენებას, კიდევ დაინგრრეოდა. არ იქნა და არა, ვერ ააშენეს ეკლესია. მერე ერთმა მხლებელთაგანმასიზმარი ნახა, რომ შეებათკუროები ურემში, დაედვათ ამ ურმებზედ სასაძირკვლე ქვები. ეს კუროები იმდენ ხანს უნდა ეტარებინათ, სანამ არ დაეცემოდენ დედამიწაზედ და არ მოჰკვდებოდენ. ამ ადგილზედ უნდა აეშენებიათ ეკლესია. – მართლაც ასე მოიქცენ: შეაბეს კუროები, რომელიც დაიხოცენ იმ ადგილზედ, სადაც ახლა ტბეთის ეკლესიაა.

ამ ნაირათ ეკლესია ერთ ადგილზედ ვერ ააშენეს; ახლა იქ დაიწყეს შენება, სადაც კუროები დაიხოცენ. გაამწკრივეს კაცები ამ ადგილიდან მახლობელ მდინარემდე (ორი ვერსის მანძილზედ). მდინარის პირზედ მდგომი იღებდა ქვას, აძლევდა მეორეს, მეორე-მესამეს, ეს კიდევ შემდეგს… და ამ რიგათ ქვა გროვდებოდა მდინარიდან ორი ვერსის სიშორეზედ.

იმ ადგილას კი, სადაც უწინ უნდა აეშენებიათ ეკლესია, დღესაც ნაკლები ქვაა. აქ არის შეგროვილი მართლაც ქვა. ეს ადგილი წმინდაა ხალხის თვალში ასე, რომ ოციოდე ხე იყო აქ ამოსული, გარშემო მინდორია და ხალხი ამ ბოლოს დრომდის ვერ ბედავდა იმათ მოჭრას.

ასე მოგვითრობს ხალხი ამ ეკლესიის აშენებაზედ. იქნება ამ ლეგენდარულ მოთხრობაში ზოგი მარრთალიც იყო, მე არ ვიცი; ეს კი მართალია: ეკლესია ძველია, რასაც მოწმობს ძველებური ხმლები, სხვა-და-სხვა ნაირი ისრები, მშვილდები, რომელნიც ინახება ამ ეკლესიაში.

ტბეთის წმ. გიორგის ეკლესია ხალხის თვალში ძლიერი ეკლესიაა. როდესაც მართალი კაცი საქმეს წააგებს ხოლმე ახლანდელ „სუდებში“, წავა და თავის მოპირდაპირეს მსაჯულებიანა გადასცემს ხოლმე ტბეთის წმ. გიორგის ხატზედ. მართალი კაცი დარწმუნებულია, რომ წმ. გიორგი მიექომაგება მას. ხშირად მას იმედი არ გაუცრუვდება ხოლმე; იმისს უსამართლოდ დამჩაგვრელის ხიფათს ის მიაწერს წმ. გიორგის მასზედ წყრომას; წვა და თავს დაალოცვინებს თავს თავისს მოპირდაპირეს…

ხალხში თქმა იყო, ტბეთის წმ. გიორგი კარებს არ იყენებსო: რამდენჯერმე ააგეს და არ დაიყენა კარიო, მაგრამ ამ ბოლოს დროს კი იყენებს. ხალხი ამბობს კიდევ, რომ ტბეთის ეკლესიასთან გაშვებული ქათამი  უვნებლათ ცხოვრობს უპატრონოთაო, მაგრამ წყეულმა მელამ ეჭვი დაგვიბადა ამ აზრის სიმართლეზედ. რაც ქათამი გაუშვეს ამ ეკლესიის სიახლოვეს, სულ ერთიანად შეჭამა.

ტბეთის ეკლესია მდებაარეობს სოფელზედ მოშორებით ორ ვერსზედ და, როგორც ზევითაც ვთქვით, ყრუ მთაშია. ამ ეკლესიის გარშემო იმისთანა მაღალი ხეებია, კაცს ეგონება, ცას ებჯინებიანო. იქნება ბუნების სიდიადეს ჰქონდეს გავლენა იმაზედ, რომ ხალხს მოკრძალული შეხედულობა აქვს ამ ეკლესიაზედ: კაცს, ნამეტნავათ გაუნათლებელს, რარაც შიში აიტანს ხოლმე, როდესაც ამ მიყრუებულ მთაში გაივლის; უზარმაზარი ტყე სიჩუმიტ არის მოცული, ხან-და-ხან ფრინველი თუ გადაიჭახჭახებს. კაცს ეშინია თუ ნადირისა, თუ მავნე სულისა. აი, ამ ნაირ გრძნობის ზედგავლენიტ კაცის იმედი წმ. გიორგის ეკლესიაა, რომელიც თითქოს განგებ აუგია ამ მივარდნილ ადგილს ბრწყინვალე დედოფალს თამარს.

ამ ეკლესიის სახელობაზე ერთი დღეობაც იციან, რომელსაც ჰქვია ტბეთობა. იმ ეკლესიაზედ ამ დღეს დიდძალი ხალხი იკრიბება შესაწირათ, ღამის სათევათ. ზიგი ჩოქვით უვლის გარს ამ ეკლესიას, ზოგი ფეხ-შიშველი, ზოგი სანთელს წირავს, ზოგი ფულს, ცხვარს, ქათამს ღვიძლს და სხ. ნაწირვებს ეს ამოდენა ხალხი დაჯდება ეკლესიის გარეშემო ტყეში; შეიქნება ღვინის სმა და მხიარულება… დაიწყებენ „ქართულს“ (ქართული სიმღერა ჰქვია სუფრულს, რომელიც იციან ქართლში) და რომელიც ამ მთაში რაღაც უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენს კაცზედ…

ქრისტეფორე-ზემოიმერელი

გეთსამანია

მონასტერი (ქც 4: 379, 22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 379,22), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 321; 1953: 279; ისტ. დოკ. 1958: 73), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 303).

ვახუშტი ბაგრატიონი გეთსამანიის შესახებ გადმოგვცემს: „ვერტყვილის ხევს ზეით ერთვის ძირულას ბჟინევის-ხევი. აქა არს, სამხრით, მონასტერი გეთსამანია, გუმბათიანი, კეთილშენი, საწინამძღურო“ (ქც 4: 379,20-23).

მდებარეობს ხარაგაულის მუნიც-ში, ძირულას ხეობაში, ხეფინის ხევში, მდ. უხედურას მარჯვენა ნაპირას. (ბერაძე 1976-1977: 34).

წყაროებში პირველად იხსენიება XVIII ს-ის პირველ ნახევარში. ითვლებოდა მეფის სახასო და გივი ამილახორის სასარდლო სოფლად, რომელიც შემდეგ აბაშიძისთვის უბოძებიათ, მაგრამ მალე უკანვე დაუბრუნებიათ ამილახორისთვის (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 321). XVIII ს-ის მეორე ნახევარში სოფ. გეთსამანია ეკლესიითურთ მირიან ბატონიშვილს ეკუთვნოდა (ბაგრატიონი 1986: 44). გეთსამანიის საყდარი წარმოადგენდა ხეფინისხევის საეკლესიო ცენტრს (ბერაძე 1976-1977: 34, 35). გეთსამანია წყაროებში ზოგჯერ „გესამანიის“ სახელით იხსენიება (ბაგრატიონი 1986: 44).

გეთსამანია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

აგურითა და ტუფის ქვათლილებით ნაგები საყდარი დარბაზულია. ეკლესია XIX ს-ში გადაუკეთებიათ. ძველი ეკლესია უფრო დიდი ყოფილა. მისი საძირკველი ახალი ეკლესიის გეგმაში ვერ ეტევა და გარეთ გამოდის. ნაგებობას შემოუყვება ქვის გალავანი (ბერაძე 1976-1977: 35).

საარქივო მასალების მიხედვით მოამზადა დავით ჩადუნელმა 19.03.2017.