იმერეთში უცხოვრია ძველად ჩადუნელების გვარს. ქართულ სიგელ–გუჯარში ჩადუნელები XV საუკუნიდან ჩანან. ქართლ–იმერეთის მეფის ბაგრატ VI–ს (1439–78 წწ) ფხაკაძისათვის მამულის წყალობის სიგელში საზღვრების განსაზღვრის თვალსაზრისით რამდენჯერმეა ნახსენები ჩადუნელთა გვარი, „… გამოღმა–ჩადუნელის მიდგმამდის“, „… ზეით ჩადუნელის მიდგმამდის“ და ა.შ.

ადრევე გადასულან ჩადუნელები საცხოვრებლად ლიხის მთის მიდამოებში, ერთი შტო კი ბორჯომის ხეობაში დამკვიდრებულა.

XVI საუკუნის ერთ უსტარში ნახსენებია ბორჯომელი მეციხოვნე აბრამ ჩადუნელი. რაც მიგვანიშნებს ჩადუნელების აქტიურ მონაწილეობაზე, სხერტის ჭალაში და ტაშისკართან 1609 წლის 27ივნისს, გიორგი სააკაძისა და ზაზა ციციშვილის სარდლობით ქართველთა 10 000–იანი ლაშქრის მიერ ოსმალთა და ყირიმელ თათართა 60 000–იანი ურდოს დამარცხებაში.

საგვარეულო გადმოცემით, სოფელ გეთსამანიაში (ხარაგაულის რაიონი) ცხოვრობდნენ ჩადუნელთა წინაპარნი. იქაა ჩადუნელთა საგვარეულო სალოცავები ტბეთის წმინდა გიორგის სახელობისა და ვარდობის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები. დღესაც იყრიან თავს გეთსამანიაში ჩადუნელთა გვარის შვილნი ვარდობას (პეტრე–პავლობის მარხვის პირველ ორშაბათს, ივნისში) და ტბეთობას (ოქტომბრის ბოლო ორშაბათს).

ჩადუნელების გვარნაყარია ხარაიშვილები და სადუნიშვილები.

კავკასიაში რუსეთის იმპერატორის „ნამესტნიკის“ კანცელარიის მიერ 1913–14 წლებში გამოცემულ „კავკასიის კალენდარში“ აღნიშნულია, რომ „ჭიათურმანგანუმი“–ს გამომთვლელი ინჟინერი დოროთი გიორგის–ძე ჩადუნელი მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის საინჟინრო ყრილობაში.

საქართველოს ძლიერებისათვის გადახდილ ომებში ჩადუნელები კომლზე კაცი გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში, თავადთა – აბაშიძეთა და წერეთელთა დროშების ქვეშ და ქართლის სამეფო ლაშქარში, თავად ციციშვილთა დროშის ქვეშ.

ჩადუნელთა გვარის საამაყო შვილია ცნობილი მწერალი, იურისტი, კასპის რაიონის სოფელ იგოეთში დაბადებული და გაზრდილი იორამ გაბრიელის–ძე ჩადუნელი.

3670–ს სჭარბობს ჩადუნელების გვარის შვილთა რაოდენობა, რომელთაგან უმეტესი ცხოვრობს თბილისში, ბორჯომისა და ხაშურის რაიონებში. აგრეთვე ხობის, კასპის, გარდაბნის (სოფ. სართიჭალა) და ლაგოდეხის რაიონებში.

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩადუნელების გვარის ისტორია ჯერ კიდევ არაა ჯეროვან დონეზე შესწავლილი. იმედია ჩადუნელთა გვარის წიგნიერი წარმომადგენლები, განსაკუთრებით ისტორიკოსები, ფილოლოგები და ჟურნალისტები მცდელობას არ დააკლებენ ამ ნაკლის გამოსწორებას.

ასევე იხილეთ ცნობები ფუძესოფლის და ფუძესალოცავის შესახებ

პიროვნებები

ლოტბარი დავით ჩადუნელი (1884-1965)