ძვირფასო ჩადუნელებო და ყოველი გვარის შვილნო, გთავაზობთ მნიშვნელოვან საარქივო ცნობებს ს. გეთსამანიის ღვთისმშობლის სახელობის, იგივე “ვარდობის” ეკლესიის შესახებ:

გაზეთი „ ცნობის ფურცელი “ – ყოველდღიური გამოცემა.
1903 წ . 4 ივლისი, პარასკევი, # 2199
რუბრიკა „ფელეტონი“. სტატია: „სოფლის ავ-კარგი

ვარდობა “ – გეთსამანის ეკკლესია. – ერთ კეთილმოწესის
მიერ შემოღებული სამაგალითო წესები.“ *
სტატიას ავტორი ხელს აწერს ფსევდონიმით – X .
(* სტილი დაცულია . დ . ჩ . )

  ყველას მოეხსენება, დღეობები დამღუპველია ხალხისათვის. ბევრი მელანი დახარჯულა ამ აზრის დასასაბუთებლად, მაგრამ დღეობები მაინც არ გადავარდა, პირიქით თანდათან ძლიერდება და მეტ ხალხს იზიდავს. ალბად, ხალხის მოთხოვნილება ყოფილა, რომ მძიმე შრომა-ჯაფის შემდეგ ხანდა-ხან „შვება-ლხენას“ მიეცეს ხოლმე, ნაცნობ-ნათესავი ჰნახოს, მოიკითხოს, რომ მერე ისევ შეუდგეს დროებით შეწყვეტილ მწარე უღლის წევას.
  გაზაფხულის სიკეკლუცის პატივსაცემად მდინარე ძირულის ხეობაზე, შორაპნის მაზრაში , რამდენსამე
სოფელში იციან დღეობა „ ვარდობა “ ( ხაზგასმა და განმარტეტები აქაც და შემდგომშიც ჩემია – დ . ჩ . ). თვითონ ეს სახელწოდება აშკარად ჰყოფს, რომ დღეობა რომელსამე წმინდანის სახელზე არ არის დაარსებული , იქნება წარმართობის ნაშთიც იყოს, როგორც მაგალითად, ზოგიერთ ხეების პატივისცემა იცის ხალხმა. ეს დღეობა არ ასცილდება ივანობის მარხვის ( იგულისხმება პეტრე – პავლობის მარხვა ) პირველ ორშაბათს. დიდძალი ხალხი აწყდება ამ დღეს სოფლებს გეთსამანიას , ხუნევს , და ვერტყვილ ის ჭალას ზემო ქართლიდან და ზემო იმერეთიდან . წირვის შემდეგ ხალხი იშლება მშვენიერს ტყით გარეშემორტყმულ ერთ მინდორზე და მთელ დღეს განცხრომას ეძლევა. ყოველ მასპინძელს მოაქვს სანოვაგე თავისის სტუმრებისათვის ამ საერთო სალხინო ჭალაში.
ის ეკკლესია, სადაც დღეობა სრულდება, იწოდება გეთსამანის ღვთის – მშობლის ეკკლესიად .

„ გეთსამანია “ სოფლის სახელია. საიდან წარმოსდგა ეს სახელი, დაბეჯითებით არავინ იცის, შეიძლება სახარებაში მოხსენებულ ბაღის სახელი აქვს დარქმეული სოფელს. მოსწრებული კაცები ამბობენ, რომ ეს სიტყვა წარმოსდგება „ ბერთსავანე “- სგანო, რადგან გეთსამანის ეკკლესია, როგორც ცხადად ეტყობა, ყოფილა მონასტრათ : ამ ეკკლესიის აშენებას გადმოცემა მიაწერს თამარდედოფალს . აქ ინახება ძვირფასი თ ვ ლებით შეჭედილ ი ოქროს პერანგიანი ღვთის მშობლის ხატი (9X12 ვერშოკი) – (ვერშოკი (რუს. вершок – გოჯი), სიგრძის საზომი ერთეული ძვ. რუსეთში, გვხვდება XVII ს-იდან. გამოიყენებოდა 1918-მდე. შეადგენდა 4,5 სმ . XIX ს-იდან გავრცელებული იყო საქართველოშიც. – გ . ჯაფარიძე ), უკანა მხარე ხატისა ვერცხლით არის გადაკრული და მთელ გვერდზე ძველი ასო მთავრული წარწერაა. ბევრს ეცადა რამოდენიმე კაცი, მაგრამ წარწერა ვერ ამოიკითხა. კარგი იქმნება, ვინმე არქეოლოგმა გასინჯოს.
  ამ ერთის წლის წინად ეს ეკკლესია შეკავებულ იქმნა წირვა-ლოცვისათვის; ხალხს წინადადება მიეცა, ან შეაკეთე ეკკლესია, ან უწირვა-ლოცვოთ იყავიო. უნდა ითქვას, რომ გეთსამანის მრევლზე უღარიბესი ხალხი დუნიაზე არ მოიძებნება . ამის – და მიუხედავად , გაიწერა ას სამოცი თუმანი ფული და შეაკეთეს ეკკლესია : ახალ კანკელში მისცეს 700 მანეთი, სამი ფანჯრის გამოღებასა , ქვის იატაკსა , ორი კარის გაკეთებასა და კრამიტის სახურავში მიეცა 900 მანეთი, ეკკლესია კი სიდიდით, გარედან რომ გავზომოთ, 11 X 17 არშინია (არშინი – ზომის ერთეული. დაახლოებით 71 სმ ს უდრის. აქედან არშინის სახელწოდება მიიღო ხელსაწყომაც, რომელზედაც არშინის დანაყოფები იყო გამოსახული. – წყარო: „ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“). მცოდნენი ამბობენ, ამისთანა ეკკლესიას ას სამოც თუმნად ახალს ავაშენებდითო. მაინც საეჭვოა, აღნიშნული რემონტი დახარჯულ ფულის ნახევარზე მეტი ღირდეს, მაგრამ სოფელი იმითია გაღატაკებული, რომ იმას ბევრჯელ ფული ჰხდება და რას ან რამდენი ჰხმარდება, არ იცის… ამშენებელ კომიტეტს ხელმძღვანელობდა ადგილობრივი კეთილმოწესე…

X
( საარქივო მასალებზე დაყრდნობით
მოამზადა დავით ჩადუნელმა 2019 წ. )

 ვარდობა “ – ამოსაბეჭდი ფორმა PDF

 

 

გაზეთი „შინაური საქმეები“ 1913 წ. 03 მარტი, #8 გვ. 10-11
რედაქტორი: მღდელი სიმონ მჭედლიძე
გამომცემელი: იოსებ ლეჟავა
რუბრიკა: „მოწერილი ამბები“
სტატია: „სოფ. გეთსამანია (შორ. მაზრ.)“ *
სტატიის ავტორი: მღ . იოანე ციცქიშვილი
* სტილი დაცულია (დ.ჩ.)

  გეთსამანიის ღვთის მშობლის ეკლესია მდებარეობს ზემო იმერეთში სამხრეთ აღმოსავლეთისკენ, სურამის მთის ძირის მახლობლად, რომელიც ყოფს ამერეთ-იმერეთს და საყვარლათ დაჰყურებს ეკლესიას – თვით ეკლესიაც და ის სოფელიც, სადაც ეკლესია მდებარეობს, გეთსამანიად იწოდება. აქ, ამ სოფელში მცხოვრები 70 კომლამდის ირიცხება. მცხოვრებნი ამა სოფლისა საშინელი სათნო (იგულისხმება „ უაღრესად სათნო “ დ.ჩ.), ღვთის მოყვარე და მლოცველია; სადაგ დღეშიც („ სადაგი დღე “ – კვირის ყოველი დღე შაბათ-კვირის გარდა. დ.ჩ.) რომ სწიროს მღდელმა, ეკლესია მლოცველებით აივსება. ტაძარი აგებულია მაღალ გორაკზე, რომელიც თითქმის მთელ სოფელს დაჰყურებს. ეკლესია წარმოადგენს უძველეს დროის ნაშთს. როგორც გადმოცემით ამბობენ, იგი თამარ მეფის დროს აგებული ყოფილა. გარშემო ამ ეკლესიას გალავანზე დასავლეთით ქვის შენობები ქონია (სახლების); იმ დროის მონასტერი ყოფილა, შიგ მარანიც ყოფილა გაკეთებული; დღესაც არის ამაში ჭურები. ტაძარს ორივეზე სამწირლოები ქონია, რომლის ნიშანია მისი კედლის ბალავარის ნაშთი. თითონ ტაძარი დიდი არ არის, იგი იქნება სიგრძით 16 არშინი. შიგნით ამ ტაძრის კედლები ყოფილა მხატვრობით შემკული. შემდეგ მტრისაგან განადგუურებისა და დაწვისა მხატვრობა წარეცხილა. დღესაც არის ერთი მხატვრობა საკურთხეველში ფანჯრის გვერდზე. შემდეგ ხალხს ეს ტაძარი განუახლებია და დღეს შიგ წირვა ლოცვა სრულდება. ამ ტაძარში ღვთის მშობლის ძველი შესანიშნავი ხატია. იგი იქნება სიმაღლით და სიგანით ნახევარ არშინზე მეტი. ხატი არის ძვირფასი ხელოვნების, წინიდგან არის სულ ოქრო, მორთულია ძვირფასი თვლებით, რიცხვით თექვსმეტი, ზურგიდან ვერცხლით არის მოჭედილი. აქვს ასომთავრული წარწერა, ბოდიშს ვიხთი მკითხველთან, მინდოდა ძალიან გულით წამეკითხა, მაგრამ გარკვევით ვერ ამოვიკითხე, თუ რა დროს და ვისგან არის ეს ხატი აქ მოტანილი. თუმცა შიგა და შიგ ამოვიცანი სიტყვები, მაგრამ არ ვსწერ მისთვის, რომ ჩემი განკიცხვა იქმნება მკითხველის წინაშე, მხოლოდ ერთი სიტყვა ამოვიკითხე ყველაზე უფრო გარკვევით აი ეს: „მე ღაღანიძემ“. იმედია ამ ჩემს უმეცრებაზე განათლებული სამღვდელოება არ განმკიცხავს. სხვა წარწერა ამ ეკლესიას არა აქვსრა. ამ ტაძრის გვერდზე სამხრეთით ყოფილა აკალდამა, რომელზედაც არის დიდი ქვა დადებული. იმედია, ვინმე სიძველის მოყვარული დაისჯება (გაისარჯება, იზრუნებს. დ.ჩ.) და ნახავს ჩვენ მივარდნილ კუთხეს; სწორედ ამ წამებს ელის ჩვენი ღვთის მშობლის ხატის წარწერაც.

საარქივო მასალებზე დაყრდნობით
მოამზადა დავით ჩადუნელმა 2019 წ.

„სოფ. გეთსამანია (შორ. მაზრ.)“ – ამოსაბეჭდი ფორმა PDF

“ვარდობის” შესახებ: ამონარიდი საარქივო მასალიდან: “ქრისტეფორე ციცქიშვილის მიმოხილვა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი): „დღეობანი და ხატობანი ხეფინიხევში“. ხელნაწერი 1920-21”
შენიშვნა: ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი 1927-32 წლებში გახლდათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – ქრისტეფორე III.
————————————
“..ვარდობა მოდის ივანობისთვის მარხვის პირველ ორშაბათს. დღეობა მოძრავია და დამოკიდებულია პასექისაგან, ამისთვის ხან მაისში მოდის, ხან ივნისში. ყურადსაღებია, რომ დღეობა ორშაბათობით და მარხვითაა და არა ქრისტიანულ უქმეს. ეს გარემოება შეიძლება დღეობის არაქრისტიანულ სარჩულს უჩვენებდეს. თუმცა დღეობის დღეს ხალხი ჯერ ეკლესიაში მიდის, მიაქვს შესაწირი: გამომცხვარი პური, კოშტი სანთელი, ფული (თეთრი), იქ თავს დაალოცვინებს მღვდელს, მაგრამ მერე თავს იყრის მოშორებით, მინდორზე, რომელიც მდინარის პირზეა და ხეებითაა დაჩრდილული და იქ ატარებს დროებას. ეკლესია, რომელშიაც სამს სოფელს მიაქვს შესაწირავი, იმყოფება გეთსამანიაში და არის ღვთისმობლის სახელობისა. ღვთისმშობლის ხატი ძველია, ასომთავრულ წარწერიანი. დღევანდელ გეთსამანიის ეკკლესიის ადგილზე, ვახუშტის თქმით, ყოფილა „მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, საწინამძღვრო“ (გეოგრაფია, გვ. 122 გამოც 1904წ.); ამას ადასტურებს ქვითკირის ნანგრევნი.”

საარქივო მასალებზე დაყრდნობით
მოამზადა დავით ჩადუნელმა