გადმოცემის თანახმად, დიდგორის ომში (12 აგვისტო 1121 წელი) თეთრ ცხენზე ამხედრებული წმ. დიდმოწამე გიორგი ხილულად იბრძოდა ქართველ მეომართა დასახმარებლად. ეს ერთ-ერთია მიზეზთაგან, რატომაც ეწოდა დიდგორს “ძლევაი საკვირველი”. საქართველოსთვის დიდგორის ომის წაგება არსებობის დასასრულს მოასწავებდა. ქართველთა მხედრობა, ღვთის მოიმედედ დარჩენილი, გაბედულად შეება მოწინააღმდეგეს სრულიად უთანასწორო ბრძოლაში და ზეციურ ძალთა შეწევნით მოხდა კიდეც “ძლევაი საკვირველი”!
სიმბოლურია, რომ ჩადუნელთა გვარი ერის სულიერმა მამამ სწორედ “დიდგორობას” – 2012 წლის 12 აგვისტოს დალოცა. ასევე ნიშანდობლივია, რომ გვარის წარმომადგენელთა შორის მსჯელობის შემდეგ, საგვარეულოს მფარველ წმინდანად წმ. დიდმოწამე გიორგი, ხოლო გვარის მფარველ სალოცავად გამოირჩა ხარაგაულის რაიონის სოფ. გეთსამანიაში არსებული ტბეთის წმ. დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია.
როგორც ერის სულიერი მამა არაერთგზის გვახსენებს: დღესაც გვიდგას “დიდგორი” და “ბასიანი”, ქართველებო! ჩადუნელებო! დღესაც, როგორც არასდროს, გააფთრებით იბრძვის ბოროტება! თუმცა, ღირსეულ წინაპართა მსგავსად, ღვთის მოიმედედ გაერთიანებულებს დღესაც შეგვეწევიან ზეციურნი ძალნი, დღესაც გვამხნევებს წმ. დიდმოწამე გიორგი, რომლის მადლი და ძალა ფარავდეს და აძლიერებდეს ყველა ჩადუნელს და სრულიად საქართველოს, ამინ!